ჩვენს შესახებ | დაგვიკავშირდით       ENG







 

ახალი ამბები

განცხადება

საქართველოს მთავრობა კანონმდებლობის უხეში დარღვევებით აგრძელებს ტყით სარგებლობის გრძელვადიანი ლიცენზიების გაყიდვას, მიუხედავად ამ საკითხისადმი საზოგადოების, სპეციალისტების და ადგილობრივი მოსახლეობის უარყოფითი დამოკიდებულებისა. ლიცენზიები გაიცემა ვადაგასული ინვენტარიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით, გადაწყვეტილება კი მიიღება დაუსაბუთებლად და გაუმჭვირვალედ. მთავრობა არ ცნობს დაინტერესებული საზოგადოებისა და ქვეყნის მთელ მოსახლეობის კანონით დადგენილ მექანიზმებს, მიიღოს მონაწილეობა საცხოვებელი და კულტურული გარემოს უმნიშვნელოვანეს ნაწილთან - ტყეებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რითაც საქართველოს მოსახლეობას საკუთარი უფლებების დასაცავად ყველა კანონით დადგენილ გზას უჭრის და მხოლოდ პროტესტის გამოხატვის უკიდურეს ფორმებს უტოვებს. ასეთ ნაბიჯზე მთავრობა მხოლოდ გარკვეული კერძო ინტრესების სასარგებლოდ მიდის. აღსანიშნავია, რომ ყოველივე ეს ხდება მაშინ, როდესაც ცივილიზებული კაცობრიობა აღნიშნავს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 60 წლისთავისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეებს.

2008 წლის 10 ნოემბერს გამოიცა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მორიგი ბრძანება, რომლითაც გამოცხადდა აუქციონი გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიების გაცემის მიზნით. აუქციონზე გამოტანილია 64 ლოტი, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით მოიცავს 165 752 ჰა-ს. აუქციონი დანიშნულია 2008 წლის 11 დეკემბერს 11 საათზე, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შენობაში.

მწვანე ალტერნატივა ცდილობს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი გზა, რათა წინ აღუდგეს ტყეების დეგრადაციის საშიშროებას. ამჯერად ორგანიზაციამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა პრემიერ-მინისტრს 2008 წლის 11 დეკემბერს დანიშნული აუქციონის გაუქმების მოთხოვნით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დიდი იმედი საკითხის სამართლიანად გადაწყვეტისა არ არსებობს. მსგავსი შინაარის საჩივრით მწვანე ალტერნატივა უკვე მესამედ მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ყოველ ჯერზე საჩივრებში მოყვანილ ჩვენს არგუმენტებს მოპასუხე (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და/ან ეკონომიკური განვითარების სამინისტრო) უპირისპირებს ან კანონმდებლობის თავისთვის მოსახერხებელ მცდარ ინტერპრეტაციას, ან საერთოდ უპასუხოდ ტოვებს, ხოლო საჩივრის განმხილველი უპირობოდ ეთანხმება მოპასუხის არაკომპეტენტურ დასაბუთებას.

2007 წლის 1 მაისს აუქციონი ჩატარდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში, რომლის პარალელურად გარემოსდაცველთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. ამ აუქციონზე გაიყიდა ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიები, რომლებიც 20 წლის ვადით გადაეცათ ქართულ-ჩინურ, ქართულ-ბელგიურ და ქართულ-იტალიურ კომპანიებს, შესაბამისად სამეგრელო-ზემო სვანეთის, ახალციხისა და ყვარელის სატყეო უბნებში. აღნიშნული აუქციონი ჩატარდა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით: დაირღვა კანონმდებლობის ის პუნქტები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოქალაქეთა უფლებას მიიღონ მონაწილეობა ისეთი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომლებსაც უშუალო ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ მათ საცხოვრებელ გარემოზე. ამასთანავე, სალიცენზიო პირობები ვერ უზრუნველყოფენ ტყის ეკოსისტემების დეგრადაციისაგან დაცვას (მითუმეტეს, რომ ტყის მოჭრის მიზნით ლიცენზია გაიცა განსაკუთრებით მაღალი კონსერვაციული (გარემოსდაცვითი) ღირებულებებისა და ეკოლოგიურად სენსიტიურ ტყეებში) და უგულვებელყოფენ ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებს.

მწვანე ალტერნატივამ არაერთხელ მიმართა სამინისტროს, სადაც მიუთითა ამ დარღვევებზე, მაგრამ ვერ შეძლო დარწმუნება გაეუქმებინა აუქციონი. მწვანე ალტერნატივას ინიციატივით, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ღია წერილით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს სატყეო სექტორში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. შედგა დეკლარაცია „საქართველოს ტყეების გადარჩენისათვის“, სადაც სამეცნიერო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ითხოვდნენ შეჩერებულიყო საქართველოს ტყეების ფართომასშტაბიანი ექსპლუატაცია. ყველა ეს მიმართვა ხელისუფლებამ უპასუხოდ დატოვა.
მწვანე ალტერნატივამ 2007 წლის 24 ივნისის ადმინისტრაციული საჩივრებით საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გაასაჩივრა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებები, რომლითაც ძალაში შევიდა 1 მაისის აუქციონის შედეგები და მოითხოვა მათი ბათილად ცნობა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2007 წლის 3 აგვისტოს უარი თქვა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამის შემდეგ 2007 წლის 12 სექტემბერს მწვანე ალტერნატივამ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიას და მოითხოვა აუქციონის შედეგების გაუქმება.

სასამართლო სხდომა შედგა სარჩელის შეტანიდან 1 წლის შემდეგ 2008 წლის 15 სექტემბერს. მოპასუხეებმა (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო) წარმოადგინეს შინაარსობრივად ერთი და იგივე შესაგებელი. უფრო მეტიც, ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 2008 წლის 31 ივლისს სასამართლოს წარუდგინა თავისი სახელით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ 2008 წლის 19 მარტს წარდგენილი შესაგებელის ასლი. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი სარჩელის განხილვას არ დასწრებია, ხოლო მესამე პირად ჩართული ერთ-ერთი ლიცენზიის მფლობელი - საერთოდ ვერ მოიძებნა. მოპასუხეები აღნიშნავდნენ, რომ მწვანე ალტერნატივას მოთხოვნა უსაფუძვლოა, თუმცა ვერც შესაგებელში და ვერც განხილვის დროს მათ ვერ წარმოადგინეს არგუმენტები, რომლებიც პასუხს სცემდნენ მწვანე ალტერნატივას მიერ დასმულ საკითხებს. მიუხედავად ამისა საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის მოსამართლე ნინო ონიანმა 2008 წლის 25 სექტემბერს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომლითაც მწვანე ალტერნატივას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყფილებაზე. სასამართლოს დღემდე არ წარმოუდგენია განმარტებები ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

2007 წლის 6 ნოემბერს მწვანე ალტერნატივამ ზემოაღნიშნული ლიცენზიების გაცემის კანონიერების საკითხის შესწავლის თხოვნით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს. სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადებისა და გამოცემისას არსებითად დაირღვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნულის თაობაზე სახალხო დამცველმა წერილობითი რეკომენდაციით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ ირაკლი ღვალაძეს. სახალხო დამცველის რეკომენდაცია არ იქნა შესრულებული.

ტყითსარგებლობის ყველაზე მასშტაბური აუქციონი გამოცხადდა 2007 წლის შემოდგომაზე. აუქციონზე გატანილი იყო ტყით სარგებლობის 28 ლიცენზია საქართველოს 20 რაიონში; გასაცემი სატყეო ფართობები ჯამში 364 262 ჰა-ს შეადგენდა, მოსაპოვებელი წლიური კვოტა - დაახლოებით 400 000 კუბურ მეტს. მისი გამართვა ჯერ 2007 წ. დეკემბერში იყო განზრახული, შემდეგ კი 2008 წ. თებერვალში გადაიტანეს. ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ აუქციონის გაუქმების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. სასამართლო სხდომა შედგა 2008 წლის 5 თებერვალს, რომელზეც მოპასუხემ წარმოადგინა გარეოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის დავით ჩანტლაძის 2008 წლის 29 იანვრის ბრძანება, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა ჩვენს მიერ გასაჩივრებული ბრძანებები. ამრიგად აუქციონი გაუქმდა, მაგრამ დროებით, ვინაიდან იმ დროს არჩევნები იყო დანიშნული და მთავრობა მოერიდა უარყოფითი ფონის შექმნას.

მიმდინარე წლის შემოდგომაზე, როდესაც საარჩევნო ხმებზე ნადირობა საჭირო აღარ იყო, მთავრობა კვლავ შეუდგა ტყითსარგებლობის მასშტაბური აუქციონების გამოცხადებას.

მწვანე ალტერნატივა იძულებული იყო კვლავ მიემართა ადმინისტრაციული საჩივრებით პრემიერ-მინისტრისთვის და მოეთხოვა ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიების გაცემის მიზნით გასამართი აუქციონების გამოცხადების შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 და 5 სექტემბრის ბრძანებების ბათილად ცნობა და გასაჩივრებული აქტების მოქმედების შეჩერება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დასრულებამდე. საჩივრის განხილვა ჩატარდა ამ ბრძანებით გამოცხადებული აუქციონების გამართვის შემდეგ, როდესაც მის განხილვას და ბათილად ცნობის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებას აზრი ჰქონდა დაკარგული. ამდენად განხილვა ფორმალურ ხასიათს ატარებდა.

ორიოდ სიტყვით უნდა აღინიშნოს, თუ როგორ აქცევს მთავრობა ყურადღებას სალიცენზიო პირობების შესრულებას. მწვანე ალტერნატივამ არაერთხელ აღნიშნა, რომ ტყით სარგებლობის ხანგრძლივვადიანი ლიცენზიების პირობები ვერ უზრუნველყოფენ ტყის ეკოსისტემების დაცვას და უგულვებელყოფენ ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებს და მათი გაცემიდან ერთი წლის შემდეგ აღმასრულელი ხელისუფლება იძულებული გახდებოდა ან გაეუქმებინა ლიცენზიები, ან თვალი დაეხუჭა მათ დარღვევებზე. მიუხედავად იმისა, რომ მოხდა სალიცენზიო პირობების გაიოლება, ისინი მაინც არ შესრულებულა. არსებობდა ყველანაირი საფუძველი, რომ შესაბამის უწყებებს დაეყენებინათ საკითხი სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობის გამო ამ ლიცენზიების გაუქმების შესახებ. ამის ნაცვლად, უკვე მას შემდეგ, რაც ლიცნზიანტებმა ვერ წარმოადგინეს ანგარიში განსაზღვრულ დროში, მათ ეს ვადა 2009 წლის 1 იანვრამდე გაუგრძელდათ.

2006 წელს უკანონოდ გაიცა ნებართვა „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების „წითელ ნუსხაში“ შეტანილი წაბლის მერქნის მოპოვებაზე და დაიდო შესაბამისი ხელშეკრულება სატყეო დეპარტამენტსა და ინვესტორს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების პირობები არ შესრულებულა, 2008 წლის ოქტომბერში მთავრობამ მიიღო განკარგულება ამ უკანონო ხელშეკრულების გაგრძელებაზე.

განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ მწვანე ალტერატივას საჩივრების არდაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებებში საქართველოს მთავრობა აღნიშნავს, რომ არ ცნობს თავისი მოსახლეობისა და დაინტერესებული საზოგადოების კანონიერ უფლებას მონაწილეობდეს საცხოვებელი გარემოს მნიშვნელოვან ნაწილთან - ტყეებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმოდგენით, რასაც ეთანხმება და პრემიერ-მინისტრი (იურიდიული დეპარტამენტი), „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში, მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ” კონვენციის (ორჰუსის კონვენცია) არ ვრცელდება ტყეებთან დაკავშირეულ საკითხებზე, ხოლო ტყის კოდექსის 35-ე და 36-ე მუხლები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენლებს უფლებას, არაა მხედველობაში მისაღები, ვინაიდან მათთვის უფრო მოხერხებულია იხელმძღვანელონ მთავრობის დადგენილებითა და მინისტრის ბრძანებით. ასევე ცალკე ეჭვების საფუძველს იძლევა ტყითსარგებლობის ლიცენზიების გაცემისას კორუფციული სქემებისა და ინტერესთა კონფლიქტების ვერდანახვა, რაზეც მივუთითეთ ადმინისტრაციულ საჩივარში. ყოველივე ეს მიუთითებს ქვეყანაში დემოკრატიის დეფიციტსა და კორუფციული გარემოს არსებობაზე, რაც არ წაადგება არც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და არც ევროატლანტიკურ სივრცეში ინტერაციას.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივრებით მიმართა პრემიერ-მინისტრს და მოითხოვა 2008 წლის 7 და 8 ოქტობრის ტყით სარგებლობის აუქციონის შედეგების, ასევე და 11 დეკემბერს დანიშნული აუქციონის გაუქმება. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მწვანე ალტერნატივა მიმართავს სასამართლოს. გარდა ამისა, მწვანე ალტერნატივა უახლოეს მომავალში საჩივრით მიმართავს „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში, მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ” კონვენციის (ორჰუსის კონვენცია) სამდივნოს, ასევე ინფორმაციას მიაწვდის ბიომრავალფეროვნების კონვენციის სამდივნოს და სხვა საერთაშორისო გარემოსდაცვით ორგანიზაციებს.
უკან

პროექტი ხორციელდება ასოციაცია მწვანე ალტერნატივას მიერ | პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ | განახლებულია -